Sign in Register
Welocome! Login in to Your Accont
Register for Your Account
სტატია

ათი მცნება

გამ-ნმა ქმნადობის დასრულების შემდეგ ასეთი პირობა წაუყენა ქმნილებებს, რომ სამყარო იარსებებს იქამდე, ვიდრე ადამიანები შემოქმედისათვის მისაღები გზებით ივლიან. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერი დაუბრუნდება ქაოსს და სიცარიელეს. ეს პირობა იწოდება აღთქმად შემოქმედსა და ადამიანს შორის. პირველი ათი თაობის ადამიანებმა ეს პირობა დაარღვიეს. ნოახის თაობაში სამყარო განადგურების პირას იყო. გამ-ნმა შეიცოდა საკუთარი ქმნილება, დატოვა სამყაროს ნაწილი და ნოახთან განაახლა აღთქმა.
შემდგომ თექვსმეტ თაობაში მხოლოდ ცალკეული ადამიანები აკმაყოფილებდნენ გამ-ნის პირობებს. მაგრამ ეს არასაკმარისი აღმოჩნდა სამყაროს გადასარჩენად.
რა ბედი ეწია აღთქმას? გამ-ნი ეკითხებოდა ხალხებს, თუ ვის შეეძლო აეღო თავზე კაცობრიობის მასთან დაახლოვების მისია. იმისათვის, რომ ადამიანებს სცოდნოდათ, თუ როგორ შეეძლოთ შეეძინათ სიბრძნე - გაგება იმისა, რას ნიშნავს გამ-თან დაახლოება და როგორ უნდა მოხდეს ეს, გამ-ნი მათ სთავაზობდა თავის თორას – ადამიანთა სიბრძნესა და ძალას. მიდრაში მოგვითხრობს, რომ დასაწყისში გამ-ნმა თორა ყესავის შთამომავალთ შესთავაზა. მათ ჰკითხეს: “რა წერია თორაში”? “არა კლა” – უპასუხა გამ-ნმა, რაზედაც მათ განაცხადეს: “მამაჩვენის ძირითადი პროფესია – მოკვდინებაა. ჩვენ არ შეგვიძლია თორის მიღება”. მაშინ გამ-ნმა ამონისა და მოაბის შვილებს მიაშურა და ჰკითხა: “მიიღებთ თორას?” თავის მხრივ, ისინი დაინტერესდნენ, თუ რას სთავაზობდა თორა. “ნათქვამია მასში – არ იპარო” – აუხსნა გამ-ნმა. “ჩვენ ხომ ქურდობითა და ძარცვით ვირჩენთ თავს. ასეთ თორას ვერ მივიღებთ” – იყო პასუხი. არ დარჩა ხალხი, რომლისთვისაც არ მიუმართავს გამ-ნს თორის მიღების თხოვნით. მაგრამ მხოლოდ ებრაელებს არ უკითხავთ არაფერი და მიუგეს: “ყველაფერს, რაც გამ-ნმა თქვა, გავაკეთებთ (შევასრულებთ) და გავიგებთ (მოვისმენთ)”.
მაშ ასე, ებრაელებმა ყველამ ერთად და ცალ-ცალკე იკისრეს (აიღეს თავის თავზე) აღთქმის შესრულება - სამყაროს მიყვანა გამ-ნამდე.
გამ-ნმა ებრაელებს სინას მთაზე ათი მცნება გადასცა, რაც იუდაიზმის ფუნდამენტია, სხვა ხალხებისათვის კი – მორალის საფუძველი. თორაში ათი მცნება ორჯერაა მოყვანილი: წიგნში “გამოსვლა” (“შმოთ”) და წიგნში “მეორე კანონი” (“დვარიმ”) იმ გზის რეტროსპექტული განხილვისას, რაც ებრაელებმა ისრაელის მიწაზე შესვლამდე გაიარეს. ორივე ტექსტი თითქმის იდენტურია, მაგრამ მათში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი განსხვავება. ათი მცნება ასე ჟღერს:
მე ვარ გამ-ნი ღ-თი შენი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, მონობის სახლიდან.
არ გყავდეს სხვა ღმერთები ჩემს გარდა. არ შექმნა შენთვის ძეგლი (კერპი) და არანაირი გამოსახულება იმისა, რაც ზეცაშია ზემოთ და რაც დედამიწაზეა ქვემოთ და, რაც წყალშია მიწის ქვეშ. არ ეთაყვანო მათ და არ ემსახურო, რადგანაც მე ვარ გამ-ნი ღ-თი შენი, ყოვლისშემძლე ეჭვნეული, მამების ცოდვა შვილებზეა მესამე და მეოთხე თაობამდე – ჩემს მოძულეებზე; და ვიქმ წყალობას ათასობით თაობაზე ჩემი მოყვარულებისა და მცნებათა დამცველებისა.
არ წარმოთქვა სახელი გამ-ნი ღ-ისა შენისა ტყუილუბრალოდ, რადგანაც არ დაინდობს გამ-ნი მას, ვინც ტყუილუბრალოდ წარმოსთქვამს მის სახელს.
გახსოვდეს შაბათი დღე, რათა წმინდაჰყო იგი. ექვსი დღე იმუშავე და გააკეთე ყველა შენი სამუშაო (შემოქმედებითი სამუშაო). ხოლო მეშვიდე დღე - შაბათი – გამ-ნისთვისაა შენი ღ-თისათვის. არ გააკეთო არანაირი სამუშაო არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ქალიშვილმა, არც შენმა მონამ და მხევალმა, არც შენმა პირუტყვმა და არც შენმა ხიზანმა, რომელიც შენს ჭიშკრებშია. რადგანაც ექვს დღეში შექმნა გამ-ნმა ცა და დედამიწა, ზღვა და ყოველივე, რაც მათშია, და დაისვენა მეშვიდე დღეს; ამიტომ აკურთხა გამ-ნმა შაბათი დღე და წმინდადჰყო იგი.
თაყვანი ეცი მამას შენსას და დედას შენსას, რათა გაგიგრძელდეს დღეები იმ მიწაზე, რომელსაც გამ-ნი შენი ღ-თი გაძლევს შენ.
არ კლა.
არ იმრუშო.
არ მოიპარო.
არ დაუდგე შენს მოყვასს ტყუილ მოწმედ
არ მიითვისო (ისურვო) სახლი შენი მოყვასისა; არ მიითვისო (ისურვო) ცოლი მოყვასისა, არც მისი მონა და არც მისი მხევალი, არც მისი ხარი და არც სახედარი მისი, არაფერი, რაც შენს მოყვასს აქვს.
გამ-ნის მიერ ებრაელებისათვის გადაცემული ათი მცნება აღთქმის ორ დაფაზე ჩაიწერა: ხუთი ერთზე და ხუთი – მეორეზე. მეორე ხუთი მცნება შეესაბამება პირველ ხუთს.
პირველ ხუთ მცნებაში ძირითადად საუბარია გამ-ნსა და ადამიანს შორის ურთიერთობაზე, ხოლო მეორე ხუთში – ადამიანებს შორის დამოკიდებულებაზე (თუმცა, თავისი არსით ეს ორი სფერო განუყოფელია):
“არ კლა”(მეექვსე მცნება) შეესაბამება პირველ მცნებას “მე ვარ გამ-ნი შენი...” აქედან ვსწავლობთ იმას, რომ თუ ადამიანი მეორე ადამიანს, გამ-ნის სახებით შექმნილს, სიცოცხლეს ასალმებს, ის ხელყოფს გარკვეულწილად გამ-ნს.
მეშვიდე მცნება “არ იმრუშო” დგას მეორე მცნების, “და ნუ გეყოლება შენ სხვა ღმერთები...”, პირისპირ. ეს გვასწავლის, რომ კერპთთაყვანისცემა იგივეა, რაც მრუშობა გამ-ნთან მიმართებაში.
“არ მოიპარო”(მერვე მცნება) და “ნუ წარმოსთქვამ გამ-ნის სახელს ტყუილუბრალოდ”(მესამე მცნება) მცნებები გვიჩვენებენ, რომ ქურდობა ხელით იგივეა რაც სიტყვიერი ქურდობა – ტყუილი და ამაო ფიცი.
“არ დაუდგე შენს მოყვასს ტყუილ მოწმედ”(მეცხე მცნება) და “გახსოვდეს შაბათი დღე...”(მეოთხე მცნება) პირისპირ იმიტომ აღმოჩნდნენ, რომ შაბათის დაცვა მოწმობს გამ-ნის მიერ სამყაროს ექვს დღეში შექმნასა და მეშვიდე დღეს მის სიმშვიდეში შესვლას; შაბათის დარღვევა – ცრუმოწმეობაა გამ-ნის მიმართ.
“არ ისურვო შენი მოყვასის ცოლი...” და “პატივი ეცი მამას შენსას და დედას შენსას...” - სწორად აწყობილი ოჯახური ცხოვრების სულიერი და მატერიალური ასპექტებია. ის, ვინც სხვისი ცოლისაკენ იწევს, ვერასდროს შექმნის საკუთარ ოჯახში ისეთ ატმოსფეროს, რომელშიც შვილები მოინდომებენ მშობლების პატივისცემას.
აღთქმის ორი დაფა თანაბარი წონის მატარებელი იყო. ეს კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ადამიანმა თანაბრად უნდა მიაქციოს ყურადღება ცხოვრებისეულ ორივე ასპექტს” - ადამიანებთან ურთიერთობასაც და გამ-ნთან მის დამოკიდებულებასაც.

 

ძებნა

ახალი სტატიები

ხალის რეცეპტი

27 ივლისი, 2017

მესამე მცნება

6 ივნისი, 2017

გამ-ნის სახელით ფიცი-დაპირება ადამიანს ავალდებულებს აუცილებლად შეასრულოს ის